თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

  •  

თბილისის, 2019 წლის ბიუჯეტში განათლების სფეროს დაფინანსებისთვის 159 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 36 მილიონი ლარით იზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება, იგეგმება 10 ახალი ბაგა-ბაღის აშენება.

როგორც თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე    ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა, მისი მოცულობა 871 631 510 ლარია და 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით იზრდება.

მისივე ინფორმაციით, შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა. გარკვეული ზრდა ფიქსირდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების მიმართულებით. იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლიც და პროექტით შეადგენს 86 მილიონ ლარს.

„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ არ მოჰყვეს ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, მატება არ ეხება არც მერის, არც მისი მოადგილეების, არც ერთი საქალაქო სამსახურის უფროსის და არც საკრებულოს წევრების ხელფასებს. აღნიშნული თანხები მიმართული იქნება რიგითი თანამშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ასანაზღაურებლად,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

​მისივე ინფორმაციით, თბილისის, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში მომავალი კვირიდან დაიწყება. გადამუშავების პროცესში გარკვეული კორექტირებები შევა და საკრებულოს
რეკომენდაციები მერიას ეცნობება.

მსგავსი თემები