თბილისში 10-მდე ხიდის მშენებლობა – რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისში, რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება: კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე, 10-მდე ხიდის და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

როგორც თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტში 105 860 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას და ავარიული შენობების გამაგრებას კი 174 მილიონი ლარი მოხმარდება.

ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15
ნოემბერს შევიდა, მისი მოცულობა 871 631 510 ლარია და 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით იზრდება.

მისივე ინფორმაციით, კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში 93 მილიონი ლარია გამოყოფილი. ასევე, შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა.

​მისივე ინფორმაციით, თბილისის, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში მომავალი კვირიდან დაიწყება. გადამუშავების პროცესში გარკვეული კორექტირებები შევა და საკრებულოს რეკომენდაციები მერიას ეცნობება.

მსგავსი თემები