თბილისი „უკრაინულ გაზაფხულს” უკვე მეორედ უმასპინძლებს – რიმა ბერაძე ღონისძიების სიახლის შესახებ

თბილისი ხვალ, 5 აპრილს, ქართულ-უკრაინული მეგობრობის მრავალწლიანი ტრადიციისადმი მიძღვნილ სახალხო ღონისძიებას – „უკრაინულ გაზაფხულს“ უმასპინძლებს. ჩუღურეთის რაიონში კიევის ქუჩაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიება და გამწვანების აქცია გაიმართება. დაირგვება ყვავილები და ხე-მცენარეები. საღამოს კი აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება უკრაინიდან ჩამოსული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.
წლევანდელი ღონისძიების სიახლეა ასევე ქართველი ვაჟის და უკრაინელი გოგონას საქორწინო რიტუალი, რომელიც კიევის ქუჩაზე გაიმართება. რიტუალის შემდეგ, ყველა სტუმარს ექნება შესაძლებლობა, უკრაინულ სამზარეულოში გადაინაცვლონ, სადაც „უკრაინული ბორში“, პელმენები და სხვა ტრადიციული კერძები მომზადდება.
​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ღონისძიების ორგანიზატორმა, დედაქალაქის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის დეპუტატმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ განუცხადა, სიახლეა ისიც, რომ ქართულ-უკრაინული გამოფენა, რომელიც შარშან „ქარვასლაში“ მიმდინარეობდა, წელს კიევის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობენ   უკრაინელი ბიზნესმენები, რომლებიც ადგილობრივებს ქართულ-უკრაინულ ბიზნესს გააცნობენ, თუ როგორ აისახა ეს ერთობლივი პროექტები საქართველოს ეკონომიკაზე.
მისივე ინფორმაციით, კულტურული ღონისძიებების პარალელურად, გაიმართება ტექსტილის გამოფენაც. კიევის ქუჩაზე გამოიფინება უკრაინული სამზარეულო, ტრადიციული სამოსი და ხელნაკეთი ნივთები. გაიმართება მასტერკლასები. ქართველი და უკრაინელი დიზაინერები ერთობლივ სამოსს შექმნიან.

“კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც ქართულ-უკრაინული მეგობრობას უსვამს ხაზს, შერეული ოჯახებს უკავშირდება. ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება, ქორწინების ცერემონიალს დაესწროს. ქართველი ვაჟი ცოლად შეირთავს უკრაინელ გოგონას და რიტუალი უკრაინული ტრადიციებით ჩაივლის”, – აცხადებს რიმა ბერაძე.

მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები თბილისის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი დამადასტურებელია და სახალხო ღონისძიება შემოდგომით ბაქოს ქუჩაზეც დაიგეგმება, რომელსაც „აზერბაიჯანული შემოდგომა ჩემს ქუჩაზე“ ეწოდება.

რიმა ბერაძის ინიციატივით თბილისის საკრებულოში ეროვნული ურთიერთობების საკოორდინაციო საბჭოც მუშაობს, რომელიც 15 დიასპორას აერთიანებს. საბჭოს შექმნის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება.
დეპუტატის თქმით, ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის 15-17%-ს შეადგენენ.

„სწორედ ჩემს მუნიციპალიტეტშია მოქცეული კიევის და ბაქოს ქუჩები. ამიტომ, დავიწყეთ კიევის ქუჩიდან, სადაც შარშან პირველად ჩატარდა მსგავსი ღონისძიება, რომელმაც საკმაოდ დიდი მასშტაბები შეიძინა. მასში უამრავი ადამიანი ჩაერთო და ასეულობით გახარებული, აღფრთოვანებული ადამიანი ვნახეთ. ეს ყველაფერი იმ დიდი ურთიერთობების, ტრადიციებისა და მეგობრობისა აღსანიშნავად გაკეთდა, რაც ჩვენ დამეგობრებულ ქვეყნებთან გვაკავშირებს. წელს ღონისძიება კიდევ უფრო გაფართოვდა. შარშანდელისგან განსხვავება ის არის, რომ უკრაინის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან 40 მოსწავლე გვესტუმრა, ასევე, სტუმრად გყავს ქალბატონების მევიოლინეთა ანსამბლი, იხატება კედლები და ამაში, უკრაინიდან ჩამოსული მხატვრები მონაწილეობენ“, – განუცხადა რიმა ბერაძემ „მთავარს“.

ღონისძიება „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ 13:00 საათზე დაიწყება. კიევის ქუჩა ქართულ-უკრაინული ფერებში მოირთვება და ამ ქვეყნის სახელმწიფო დროშებით გაფორმდება. ღონისძიებაში მონაწილეობას კიევის ქუჩაზე მდებარე სკოლამდელი აღზრდის, სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელებიც მიიღებენ.

„უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით,  უკრაინის საელჩოსა და დიასპორის თანამონაწილეობით იმართება და მას უკრაინის ელჩი და უკრაინიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სტუმრებიც დაესწრებიან.

მსგავსი თემები