ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” მომხრეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

​როგორც ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ამომრჩევლების 53%-ში, რომლებიც 28 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდნენ, დიდი ნაწილი “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები იყვნენ, დღეს კი მათ მოუწოდებს, მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ, რადგან აღარ განმეორდეს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული სისასტიკე, “როცა არბევდნენ ჟურნალისტებს და ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს”.

ინაშვილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, არსებობს რადიკალიზაციის დიდი საფრთხე, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თანამდებობის პირების წინააღმდეგ 50 ათას ადამიანს აქვს ჩვენება მიცემული.

“საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე გრიგოლ ვაშაძემ რეალურად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17,5 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ მას 80%-ზე მეტმა უთხრა უარი”, – მიაჩნია ირმა ინაშვილს.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. პირველ ტურში  სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,74%.

მსგავსი თემები