საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით იზრდება

2019 წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით იზრდება. 5 -დან 17 მილიონ ლარამდე გაიზრდება ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება; სპეც-პედაგოგები მასწავლებლის სქემის ნაწილი ხდებიან და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიები მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. 37 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დღეს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, განათლების სფეროში ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ინფრასტრუქტურულ კომპონენტს. პრიორიტეტულია სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე  წელს ქვეყნის მასშტაბით დასრულდა 50 სკოლის მშენებლობა, მათგან 20 მთლიანად სახელმწიფო რესურსით აშენდა.

ჯაშის ინფორმაციით, 2019 წელს საჯარო სკოლები უფრო მასშტაბურად აღიჭურვება კომპიუტერებით, პროექტორებით, ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებით და ინტერნეტ ქსელით.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მსგავსი თემები