პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის

პრემიერ – მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროპარლამენტის რეზოლუციას საგანგებო განცხადებით უპასუხა. მან მხარდაჭერის გამოხატვისთვის ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა და აცხადებს, რომ მათი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერაა.

​”მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ საქართველოს და მისი ევროპული მომავლის მიმართ. ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით შეფასდა, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასოცირების დღის წესრიგში მიღწეულ პროგრესს, რამაც ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად წარმოაჩინა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, საქართველო რეფორმებით ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს, რაც ევროპარლამენტარებისთვის ადვილად შესამჩნევია.

მამუკა ბახტაძე: „ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში არის მდგრადი დემოკრატია, ხოლო ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. სხვათა შორის, იმავეს ადასტურებს მსოფლიო ბანკის რეიტინგიც. მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინოს“.

მსგავსი თემები