კალაძე ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამების პროტესტის გათანაბრებას უტიფარ პროპაგანდას უწოდებს

„თბილისის მერიის წინააღმდეგ ვრცელდება ტყუილი, თითქოს ნაძვის ხის გამო, სარალიძეს პროტესტის გამოხატვაში ხელს უშლიან. წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის“, – განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, მერიის ვალდებულება იყო, აქციის მონაწილეებისთვის წერილობითი პასუხი გაეგზავნა, თუმცა, ის ინფორმაცია, რაც მისი მისამართით ვრცელდება, ცილისწამებაა.

„ნოემბრის დასაწყისში, ზაზა სარალიძემ წერილით მოგვმართა დედაქალაქის მერიას, რომ 31 დეკემბრამდე ჰქონდა აქციების გაგრძელების სურვილი. წერილს მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვა. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რომ სამი დღის განმავლობაში გაგვეცა პასუხი, რადგან დედაქალაქის მერიას 15 დეკემბრიდან თვის ბოლომდე დაგეგმილი აქვს საახალწლო ღონისძიებები. ვალდებულები ვიყავით გაგვეცა პასუხი, რაც ასახული იყო წერილობით და ესეც გავაცანით მოსახლეობას. ჩემთვის წარმოუდგენელია რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა ის აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის, შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩვენთვის გადმოებრალებინათ“, – აცხადებს კახა კალაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ გადაუხვევს არჩეული გზიდან, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული.

“პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მისი უფლებები გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ვიქნებით ყოველთვის, არავის მივცემთ იმის უფლება, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში“, – აღნიშნა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი თემები