მაღალმთიანი რეგიონებში სასწავლო დაწესებულებების პერსონალისთვის სახელფასო დანამატის გაზრდა იგეგმება

მაღალმთიანი რეგიონების სკოლებისა და ბაღების პედაგოგებთან ერთად, სასწავლო დაწესებულებებში დასაქმებულმა ყველა პირმა, შესაძლოა სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იანი დანამატი მიიღონ.

ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს და ბენეფიციარებზე სოციალური შეღავათების გასაცემად საჭირო გახდება წელიწადში დაახლოებით 5.000.000 ლარის გამოყოფა. აქედან დაახლოებით 4,4 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 600 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან.

​როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 4,4 მილიონი ლარი, რომელიც უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დააკმაყოფილებს მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირებს. აქედან 1300-მდე პირი დირექციის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 400 ლარია, ხოლო 3500-მდე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მათი საშუალო ხელფასი 150 ლარია.

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან გამოყოფილი 600 ათასი ლარით ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული  იმ 800-მდე ადამიანის სახელფასო დანამატი დაფისასდება, რომელთა საშუალო ხელფასი 200 ლარს შეადგენს.

კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

კანონპროექტის ინიციატორები ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი არიან, ცვლილება “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონში უნდა შევიდეს.

 

მსგავსი თემები