საახალწლო ღონისძიებებს თბილისის მერია მოსახლეობასთან ერთად დაგეგმავს – კახა კალაძე

თბილისის ცენტრში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, ​პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ ზაზა სარალიძის წერილზე პასუხი სამი დღის ვადაში გაეცა, სადაც აღნიშნულია, რომ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თბილისის მერია მოსახლეობასთან ერთად მიიღებს.

როგორც კალაძე აცხადებს, 15 დეკემბერს, ტრადიციულად უნდა განათდეს ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე, შესაბამისად, ამ ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები 7-10 დეკემბრიდან იწყება.

“ეს ტრადიცია კახა კალაძის, ან თბილისის მერიის მოგონილი არ არის. დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბერში, შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული”, – აცხადებს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერმა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და ტელეკომპანია “რუსთავი 2” დეზინფორმაციის კამპანიაში დაადანაშაულა, რაშიც, მისივე თქმით, უშუალოდ იყო ჩართული არხის დირექტორი, ნიკა გვარამია.

კალაძის თქმით, გვარამია საუბრობდა იმის შესახებ, თითქოს კარვების გაშლას ხელს უშლიდა დედაქალაქის მერია იმიტომ, რომ უნდა დადგმულიყო ნაძვის ხე.

„ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, ეს იყო ძალიან დიდი სიცრუე, რომელშიც გამოიჭირეს „რუსთავი 2“ და გუშინ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია მოსახლეობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობთ დეკემბრის თვეზე, ასე რომ, დაველოდოთ ერთი თვე კიდევ და როდესაც მივალთ დეკემბერში, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად, რას და როგორ გავაკეთებთ, ძალიან მარტივად”,- აცხადებს კალაძე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტი შენობის წინ შვილმოკლული მამების, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ხელისუფლებისგან მკვლელების გამოვლენას და მათ დასჯას მოითხოვენ.

მსგავსი თემები