რუსეთი არის ოკუპანტი, ყველა ტრიბუნაზე დავიცავთ ამ პოზიციას – ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოზეც და ყველა ტრიბუნაზე საქართველოს ხელისუფლება დაიცავს თავის პოზიციას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, რომ ის შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე თავისი 58 -ე ბრიგადით.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა დღეს განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ვერსად გაექცევიან პასუხისმგებლობას, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად ეკისრებათ. “წინა ხელისუფლებას გააჩნია ბრალეულობა, რომ მან ვერ დაიცვა თავისი მოსახლეობა, ამას ისინი ვერსად გაექცევიან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სწორედ ის რეზოლუცია არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ცუდი დოკუმენტი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ქართულ მხარეს სააკაშვილის თანხმობით”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

​მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივად წარმოაჩინონ ვერ შეცვლის იმ რეალობას, რაც არსებობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, “სადაც საშინელებები წერია პირდაპირ და ამ საშინელებებს ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი გუნდი. თუ ჰააგის სასამართლოზე ვსაუბრობთ, გარწმუნებთ, რომ ის რეზოლუცია გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე ყურით მოთრეული ფრაზები, რომელიც უნდათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს უფრო მეტი დატვირთვა მისცენ ვიდრე ამას ჰქონდა”, – განაცხადა ძიძიგურმა “მთავარში“.

აღსანიშნავია, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებას განაგრძობს. ორგანიზაცია „საერთაშორისო სამართლიანობის“ ხელმძღვანელი ნიკა ჯეირანაშვილის აზრით, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა,  ქართველი სამხედროები, გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკური ლიდერები ან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, ჰააგის სისხლის სამართლის განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ.

მსგავსი თემები