,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები” – ჩეხეთის ელჩი

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართულ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვა თავის თავზე აიღოს.

“ზოგადად, ყოველთვის პრობლემატურია, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს”, – განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.

მან ასევე სასამართლო სისტემის რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესს. არსებობს გარკვეული ეჭვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და სასამართლო რეფორმის პროცესიც აჩენს შეკითხვებს. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ, სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და თუ მისი ნდობა არ არსებობს, არც სახელმწიფო არსებობს”, – ამბობს მიკისკა.

ჩეხეთის ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზეც გააკეთა კომენტარი:

რაც შეეხება კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით. ასეთი დაჩქარებული წესით მისი განხილვა ძალიან შემაშფოთებელია. უნდა გაიმართოს კონსულტაციები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის, თავად სახელმწიფო ინსპექტორის. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ ახალი წლის დღეებში, საშობაო დღესასწაულებისას ეს საკითხი ასე ნაჩქარევად განიხილებოდეს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს განხილვა გადაიდოს.

არ ვაყენებთ ეჭვქვეშ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმირების აუცილებლობას, ეს შესაძლოა, საჭიროც იყოს და ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთშიც ხდება ასე. თუმცა, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს დროის სწორი შერჩევით და ყველა მხარის მონაწილეობით”, – განაცხადა მიკისკამ.

მსგავსი თემები