31 დეკემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, ჯავახიშვილისა და ინაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 31 დეკემბრის 10:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, კოსტავას ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩამსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ თაბუკაშვილისა და მესხიას ქუჩების გადაკვეთამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები – N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301 და მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N145 და N170, რომელებიც ბარათაშვილის ქუჩიდან, ქეთევან დედოფლის გამზირიდან და გორგასალის ქუჩიდან თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მოძრაობისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებოდნენ, ამჯერად, მარჯვენა სანაპიროდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

ავტობუსები – N59 და N91, რომლებიც მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩას უკავშირდებოდნენ, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით შეძლებენ და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

მსგავსი თემები