“მიწის უცხოელებზე გაყიდვა პირდაპირი ღალატია” – სანდრო ბრეგაძე ომბუდსმენის წინააღმდეგ

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უცხოელებს აღუდგეთ საქართველოში მიწის შესყიდვისა და მასზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა.

სანდრო ბრეგაძე მიმართავს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და სახალხო დამცველის თანამდებობიდან ნინო ლომჯარიას ​გადაყენებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტექტო აქციების გამართვით იმუქრება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგეგმება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება და როგორც მოსამართლეთა განწყობიდან ჩანს, მათ ხელისუფლებისგან მიღებული აქვთ ფარული დირექტივა, არაკონსტიტუციურად ცნონ აკრძალვა და დაუშვან ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა.

“საუბარია ძალზედ დიდ თანხებზე, რომელსაც არაბული ქვეყნები და ჩინეთი იხდის ქართული მიწის შესაძენად. სრული პასუხისმგებლობით მსურს განვაცხადო, რომ ხელისუფლება რევოლუციას მიიღებს თუ არ გადააყენებს მოღალატე ლომჯარიას, რომელსაც ზურგს უმაგრებს ჩუგოშვილი და სხვა სოროსელები. სწორედ არჩევნებამდე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, იმპიჩმენტი გამოუცხადოს ლომჯარიას და სახალხო დამცველის აპარატმა უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სარჩელი. ჩვენი წინაპრების სისხლით შენარჩუნებული ქართული მიწის გაყიდვა უცხოელებზე პირდაპირი ღალატია და ამას ქართველი ერი არ დაუშვებს. ნაციონალებს და “ოცნებას” უკან დარჩებათ პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლის მე-2 ტურიც და სხვა თანამდებობებიც”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მსგავსი თემები