“ქართული ოცნების” მთავარი შეცდომა ხალხთან სუსტი კომუნიკაციაა – ექსპერტის შეფასება

საჯარო პოლიტიკის ექსპერტი ქეთევან ჯაყელი მმართველი გუნდის მთავარ შეცდომას სუსტ კომუნიკაციაში ხედავს.

​როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, იმ რეფორმების შესახებ, რომელიც დაწყებულია და შედეგი 1-2- წელიწადში უნდა მოიტანოს, საზოგადოება ინფორმირებული რომ ყოფილიყო, მათი განაწყენება შეუძლებელი იქნებოდა.

“ჩვენი ქვეყანა იმყოფება განვითარების პერიოდში, ძალიან ბევრი რეფორმაა დაწყებული. ამ ფონზე, ცოტა გასაკვირია, რომ მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს, ნაკლებად არის მოსახლეობა ინფორმირებული რატომ ხდება ცვლილებები სხვადასხვა სტრუქტურასა და სფეროში. აქ არის პირველი და მთავარი პრობლემა, სუსტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან”, – აცხადებს ქეთევან ჯაყელი და იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომელიც არჩევნების არასასურველი შედეგის შემთხვევაში შესალოა დადგეს ქვეყანაში.

“ნებისმიერი ქაოსი დამღუპველი იქნება. ეს დაარტყამს ისეთ სფეროს, როგორის ეკონომიკაა. საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესი შემცირდება; დამწყები ბიზნესი დაფრთხება, არსებული კი თავის გადარჩენაზე დაიწყებს ფიქრს და ვეღარ განვითარდება”, – მიაჩნია ექსპერტს.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ხელისუფლებას გასცა პასუხი იმ შეცდომებზე, რაც მას ბოლო ხანებში დაუგროვდა. ეს სწორად იყოს აღქმული მმართველი ძალის მიერ, მათ მიიღეს მოსახლეობის მესიჯი, რომ არსებობს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ამომრჩეველს არ ეშინია ხელისუფლებისადმი დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის, მიუხედავად იმისა, რა სფეროშია ის დასაქმებული. აღარ ეშინია, რომ ამის გამო მას ვინმე პასუხს მოსთხოვს.

“გამოვყოფდი 3 ტიპის ამომრჩეველს. ერთი ნაწილია, რომელიც ყველა არჩევნებზე აქტიურობს და მხარს უჭერს მმართველ პარტიას; მეორე ჯგუფი აქტიურად უჭერს მხარს ოპოზიციურ ძალებს, ხოლო მესამე ჯგუფი არის ძირითადი ამომრჩეველი, რომელიც თავის დამოკიდებულებას და იმედგაცრუებას გამოხატა იმით, რომ არ მიდის არჩევნებზე. ამომრჩევლების ამ ნაწილმა ზუსტად იცის რა მოთხოვნები აქვს მმართველი გუნდის მიმართ, რა შეცდომები აქვს ხელისუფლებას”, – აცხადებს ქეთევან ჯაყელი.

მსგავსი თემები