სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ

ეროვნული სატყეო სააგენტოს, გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლების ინიციატივით, რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცათ. გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში – ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში, ჯამში 6 ოჯახს, სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით შეძენილი სათბობი შეშა,  სურსათ-სანოვაგე, ტკბილეული თავად გადასცეს.

ერთ-ერთი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახი კიღურაძეების ოჯახია, რომლებსაც 4 შვილი ჰყავთ და ოჯახში არავინ მუშაობს. როგორც ოჯახის დიასახლისმა, ლელა კიღურაძემ გვითხრა, მისთვის 1 ლიტრი ზეთიც დიდი დახმარებაა.

ლელა კიღურაძე: „მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. 4 შვილი მყავს და არასდროს არავის გავხსენებივართ. არავისგან დახმარება არასდროს მიმიღია. ჩემთვის 1 ლიტრი ზეთიც საქმეა, როცა 4 შვილი მყავს და სახლში არავინ ვმუშაობთ. უმუშევრად და უზრუნველად მიმიტანეს აგერ საჩუქრები და გაგვახარეს. ვართ სოციალურად დაუცველები, უფროსი შვილი 16 წლისაა, ბავშვებს ყველაფერი აკლიათ, ელემენტარულსაც კი ერ ვახერხებთ. პატარა 2 წლის და 6 თვისაა. მეუღლე ვერ მუშაობს, ჯანმრთელობის კუთხით აქვს პრობლემები. სოციალურს ვიღებთ და ამით ვირჩევთ თავს. თან ქირით ვცხოვრობთ და გვიჭირს ქირის გადახდაც. ზამთარში შეშით ვთბებით. მსგავსი დახმარება ჩვენნაირი ოჯახებისთვის დიდი სიკეთეა.“

მსგავსი თემები