“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ შეცდომების აღლუმი მოაწყო – აგიტ მირზოევი

​ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ შეცდომების აღლუმი მოახდინა და იქაც კი დაუსვეს შეცდომები, სადაც არ უნდა დაეშვათ.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ქვეყნის რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობისას დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი რაოდენობა გაანაწყენა და ფაქტობრივად საპროტესტო ელექტორატის რაოდენობა გაიზარდა.

“ერთ მხარეს იყო ამომრჩეველი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” გულზე არ ეხატება, მყარად არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, ხოლო მეორე მხარეს, მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც მიხვდნენ, რომ “ქართული ოცნების” არჩევისას მათ შეექმნათ მაღალი მოლოდინები, რომელიც არ გაამართლა პარტიამ. მოსახლეობა არის განაწყენებული. ქალაქიდან რომ ვუყურებთ ბევრი სპეციფიკური საკითხი სხვაგვარად მოსჩანს. ადგილობრივი საზოგადოების ლიდერებს რომ მისცემ ძალაუფლებას და მთელი თამაშის ბირთვს და წესებს აძლევ ერთ კლანს ხელში, ამ კლანებს აქვთ გავლენა და შეუძლიათ გარკვეულ დროს და ადგილას დააფიქსირონ უარყოფითი დამოკიდებულება, მათ შორის მმართველი გუნდის მიმართ”, – აცხადებს აგიტ მირზოევი.

​მისივე თქმით, ვითარება, რომ ეთნიკური უმცირესობები ყველა არჩევნების დროს ხმას სახელისუფლებო პარტიას აძლევენ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ რადიკალურად შეცვლილია და მოსახლეობასთან უფრო ახლო კომუნიკაციაა საჭირო.

“ეთნიკური უმცირესობების იმგვარად დაყოფა, რომ ვის აძლევენ ხმას, არის შეცდომა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს გაცილებით უკეთ აქვთ საქმე, ისინი მხარდამჭერებს  “ქართული ოცნების” შეცდომების მიხედვით კრეფენ. ამ მიმართულებით “ქართულ ოცნებას” უფრო მეტი ჰქონდა სამუშაო. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დიდად არაფერი იცვლება. არის ერთი კლანი, რომელთანაც მუშაობს ხელისუფლება. მაგრამ, როგორც კი იცვლება ხელისუფლება, იმ კლანის წარმომადგენლები მექანიკურად ხდებიან ახალი ხელისუფლების მედროშენი“, – მიაჩნია აგიტ მირზოევს.

მსგავსი თემები