2012 წლის მოვლენების შემოქმედნი პოლიტიკაში არ ჩანან, განათლების სისტემაში კი არაფერი კეთდება – პრეზიდენტი

  •  

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან 2012 წლის მოვლენებს იხსენებს, როცა ხელისუფლება შეიცვალა და აცხადებს, რომ ამ მოვლენების მთავარი გმირები ფართო ასპარეზზე დღეს თითქმის არ ჩანან.

​როგორც პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, მისი შემაჯამებელი სიტყვა 2012 წლის მოვლენების გახსენების გარეშე სრული ვერ იქნება.

„პარლამენტში დღეს არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც 2012 წლის ცვლილებების შემოქმედი იყო, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა – ეს იყო საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემი დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში მეხუთეა და გადავწყვიტე, ეს ყოფილიყო შემაჯამებელი. ბუნებრივია, ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა. ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მისი განათლების მინისტრობის პერიოდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის შემდეგ სისტემა წინ არ წასულა.

„მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულია, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე; იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რიგითი ქართველის ყოფა შეცვლილიყო. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მსგავსი თემები