„გაუფრთხილდი შენს უბანს“ კამპანიის ფარგლებში ისნის რაიონში 75 ძირი კვიპაროსი დარგეს

  •  

თბილისის ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კამპანია „გაუფრთხილდი შენს უბნის“ ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა. კერძოდ, “ნავთლუღში”, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში, არტურ ლაისტის ქუჩის N3, N5, N7 და N9 კორპუსების მიმდებარედ, 4 200 კვ.მ ფართობზე 75 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო.

აქციაში მონაწილეობა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რისთვისაც ჩვენს მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, გამწვანების მორიგი აქცია ჩავატარეთ. ამჯერად, არტურ ლაისტის სკვერში ადგილობრივ  მოსახლეობასთან ერთად, მარადმწვანე ხეები დავრგეთ. მოვუწოდებთ მათ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოზე. ამ მიმართულებით, სამომავლოდ, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას გავმართავთ, რათა მოსახლეობაში, საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვის სურვილი გავაჩინოთ“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, იგეგმება გამწვანებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. არტურ ლაისტის სახელობის სკვერში სპორტული მოედანი მოეწყობა, დაიდგმება საბაღე სკამები და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

მათივე ინფორმაციით, კამპანია „გაუფრთხილდი შენს უბანს“ მიზანი რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა. კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები