თბილისის “ლოკომოტივი” დაშლის პირასაა – გემბლინგის ახალ რეგულაციებს პირველი მსხვერპლი ჰყავს

მთავრობის მიერ სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრიდან სრულიად გარიყვის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად თბილისის “ლოკომოტივს” ფინანსურად უკვე ძალიან გაუჭირდა, დღეს კლუბის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ თბილისური გუნდი იძულებულია უღალატოს იმ მოდელს, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ფეხბურთელების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს:

,,მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში. ვწუხავრთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება. ჩვენ ვადასტურებთ რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.

ასევე მიუხადავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ. თბილისის ,,ლოკომოტივი” თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა.” – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს “ლოკომოტივის” მწვრთელის პოსტი დატოვა გიორგი ჭიაბრიშვილმა, სწორედ  მან ჩაიბარა გუნდი  2020 წლის 6 ივლისს და ამ ხნის განმავლობაში მოახერხა, რომ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუმინული “კრაიოვა” ხოლო მეორედან – მოსკოვის “დინამო”  გამოეგდო. გასული სეზონი “ლოკომოტივმა” 53 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

მსგავსი თემები