„სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი… მინიმუმ, უნდა გეთქვათ, რომ ლონდა აზრი არ აქვს“ – ლონდა თოლორაია

ხმაურით მიმდინარეობდა პარლამენტის კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს იხილავდნენ და რომელსაც თავად დეკრეტში მყოფი სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაიაც ესწრებოდა.

მან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ მამაკაცებს ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ გამბედაობა არც ერთს აღმოაჩნდა.

„გახსენდებათ რეფორმა, რომელიც ეხებოდა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტრომ გაიგო ბოლოს? გახსენდებათ ასეთი პრეცედენტი? 15 წელია ვმუშაობ საჯარო სამსახურში და არ მახსენდება პრეცედენტი გატარებულიყო რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელშიც მე ვმუშაობდი და რომელსაც ეს რეფორმა ეხებოდა. მაინტერესებს, რატომ არ იყო ჩართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამხელა რეფორმაში და რატომ ვიგებ ამ ყველაფერს წინასაახალწლოდ? რატომ ვსხედვართ დღეს აქ და განვიხილავთ 288-გვერდიან კანონპროექტს, რომელიც არის სრული ნონსენსი, რომ არაფერი ვთქვათ იმ ადამიანურ ფაქტორებზე, რაც არის“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, მას სამსახურის გაძლიერებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი სამშობიაროში აწერინეს და თურმე, სულ ტყუილად, მის სამსახურს საერთოდ აუქმებდნენ.

ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე ან მე ამ სამსახურმა? ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ და მე, თურმე აგერ წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო წინადადებას წერთ გაუქმებაზე. ელემენტარულია, მინიმუმ, ალბათ იმის გამბედაობა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა – ლონდა აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს! სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი მინიმუმ და ალბათ, უნდა გეთქვათ, რომ ლონდა აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ! მე არ ვიცი, რა აზრი აქვს ამ კომიტეტებში ჩემი მონაწილეობის გაგრძელებას, ფორმალურად შესაძლოა, აქ ვისხდეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა, რადგან არავითარი ძალა ამას არ გაცვლევინებთ. მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, ინსპექტორს რომ არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ამ კანონპროექტის ავტორ ყველა მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – ასე მიმართა ლონდა თოლორაიამ მრავლესობის წევრ დეპუტატებს.

 

მსგავსი თემები