მავთულხლართების გავლების შესაჩერებლად ​ყველა ბერკეტი ამოქმედებულია – სახელმწიფო მინისტრი

  •  

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მინდვრებში,  რუსი სამხედროები ოკუპაციის ხაზთან,  დაახლოებით ერთ კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე  ახალ ბარიერებს დღეს, დილიდან ამონტაჟებენ.

​ადგილზე
იმყოფება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად უმნიშვნელო არის საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი.

“რაც ხდება აქედან 50 მეტრში არის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის. პოლიტიკას, რასაც რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, არ ექნება არანაირი პერსპექტივა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, სანამ სამარცხვინო მავთულხლართები არ დაიშლება. მათ სურთ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო და მოახდინონ საოკუპაციო ხაზის იქით დარჩენილი მოსახლეობის იზოლაცია. ამ დღეებში აღნიშნავენ “კომსომოლისა” და ოქტომბრის რევოლუციის იუბილეს. XXI საუკუნეში, პატარა ბავშვებს უკეთებენ პიონერის ყელსახვევებს და საბჭოთა ბელადების პოსტერების ფონზე ამღერებენ. ეს არის ისტორიული ანომალია. 2009 წლიდან დაიწყო ეს პროცესი რუსეთმა და წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ გააქტიურდნენ”, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში ორი დღის წინ გაიმართა სპეციალური კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების საკითხები, თუ როგორ დაეხმარონ მათ გამოზამთრებაში.

“200 ლარიანი ვაუჩერებით, ყველა სტუდენტი დაფინანსდება. მათი რიცხვი დღეს 1200-მდე გაიზარდა. დავეხმარებით ადგილობრივებს ალტერნატიული შემოსავლის წყაროს შექმნაში, რადგან ამ მავთულხლართების ფონზე მათ უჭირს მიწის სამუშაოების ჩატარება. ​ყველა ბერკეტია ამოქმედებული, რაც დღეს ჩვენს ხელთ არის, რომ მავთულხლართების გავლების პროცესი შეჩერდეს. ბარიკადების მიღმა მოსახლეობასაც დავეხმარებით ჩვენი შერიგების პოლიტიკით, რადგან მათ არანაკლებ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს საქართველოს არ აქვს”, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მისივე თქმით, რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება უკავშირდება ე.წ საზღვრის დამრღვევებისთვის ფულადი ჯარიმის დაწესებას. სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ე.წ ჯარიმები არის მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის მექანიზმი და ის არც ერთი ფორმით არ არის მისაღები ქვეყნის ხელისუფლებისთვის.

“ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ღიად აცხადებენ, ძალიან თამამად, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ ფაქტობრივად 80-90 პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებსაც აკავებს ეს მავთულხლართები და საოკუპაციო რეჟიმი, დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ძირითადად ისინი არიან ეთნიკური ოსები რომლებსაც სჭირდებათ გადაადგილება და მათ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რუსი ოკუპანტები დილიდან გამოჩნდნენ სოფელ ატოცის მინდვრებში. მიმდინარეობს ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება, ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათ საკუთარ მიწის ნაკვეთებზე საშემოდგომო სამუშაოები დასრულებული აქვთ და ოკუპანტების მიერ წართმეულ მიწაზე მოსავალს ვეღარ აიღებენ.

​მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე ოკუპანტებს ატოცში 30 ჰექტარზე მეტი ფართობი ჰქონდათ მითვისებული, თუმცა დღეს დილიდან მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

მსგავსი თემები