ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა და არა მოწინააღმდეგე – კახა კალაძე 7 ნოემბერზე

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს ქვეყანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში შეიყვანოს. “ქართული ოცნების” ხელისუფლება პირველ რიგში, 7 ნოემბერს დაზარალებული ადამიანების წინაშეა ვალდებული, არასდროს დაუშვას დემოკრატიის ფასადურობა, საზოგადოების პრივილეგირებულ ჯგუფებად დაყოფა, ადამიანების მოკვეთა საზოგადოებიდან და მათი გარიყვა.

“საქართველოში ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა, რაც ქვეყნის განვითარების საწინდარია”, – აცხადებს კახა კალაძე.

​მისივე შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ მოსახლეობის მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი.

“მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, თავისი მედიის თუ ლობისტების საშუალებით, 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება მაქსიმალურად  შეეფუთა, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე უცხოეთშიც დაინახეს”, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას და 11 წლის წინ, დედაქალაქში განვითარებულ მოვლენები შეაფასა.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლებისთვის დაუშვებელია საზოგადოების დაყოფა „იმისიანებად და ამისიანებად“, რაც მძიმე შედეგების მომტანია ქვეყნისთვის.

” დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. ჩვენ ეკონომიკურად ქვეყნის სწრაფი განვითარება გვჭირდება, რომ კეთილდღეობა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. ჩვენ ყველამ ერთად, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ თანამშრომლობისა და  წინსვლისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია პოლიციამ ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილე ასობით ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს, ბევრი მათგანი დასახიჩრდა. აქციის დაშლის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ტელეკომპანია “იმედის” შენობაში შეიჭრა, რომელიც აქციის დაშლის პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კრიზისის საპასუხოდ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

მსგავსი თემები