რა პერსპექტივა აქვს თბილისისა და რუსთავის მეტროთი დაკავშირებას

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია თბილისისა და რუსთავის მეტროთი დაკავშირებაა. საინფორმაციო სააგენტო inforustavi-ს ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე ამ ჩანაფიქრის განხორციელების პერსპექტივას რეალურად აფასებს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავლში, “იბიარდის” წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტრანსპორტის გრძელვადიანი სტრატეგია განიხილება, რის შემდეგაც გადაწყდება, განხორციელდება თუ არა პროექტი.

თბილისის განახლებული გენგეგმის თანახმად, რკინიგზა ან ჩქაროსნული ტრამვაი თბილისს არა მხოლოდ რუსთავთან, არამედ მცხეთასთან და გარდაბანთანაც დააკავშირებს.

როგორც გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, გენგეგმის ჯგუფის პროექტში უცვლელად დარჩა სატრანსპორტო  დერეფანთან დაკავშირებული ხედვა, სადაც საუბარია, მცხეთა – თბილისი – რუსთავი – გარდაბნის მიმართულებით ​საქალაქო ტიპის რკინიგზის, ე.წ. S-Bahn -ის, ან ტრამვაის შემადგენლობის გაშვებაზე,

რომელიც აგლომერაციის შემაერთებელი იქნება და ამ მიმართულებაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებს დააკავშირებს ერთმანეთთან.

საუბარია ასევე, ქალაქის შემოსასვლელებს შორის ეფექტიანი სარკინიგზო კავშირის შექმნაზე, რომლის გასწვრივ ასევე, მოეწყობა საავტომობილი გზა. ამგვარად გამოთავისუფლდება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო, სადაც რეკრეაციული ზონები და მუნიციპალური ტრანსპორტის სავალი ზოლი მოეწყობა.

“სატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით, გარკვეულ ალტერნატივად მტკვრის მარცხენა სანაპირო განიხილება. მდინარის სანაპიროზე გარკვეული მონაკვეთები გვინდა იქცეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალ ნაწილად და აგრეთვე რეკრეაციულ ტერიტორიად, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მიუახლოვდნენ მტკვარს. მეორე პრობლემაა მტკვრის ეკოლოგიური ხარისხი და მას აუცილებლად გამოსწორება სჭირდება”, – აცხადებს გენგეგმის ჯგუფის წევრი მამუკა სალუქვაძე.

​მისივე თქმით, გენგეგმაში წარმოდგენილი პროექტები არ არის ხვალინდელი გეგმები, არამედ წლებზე გაწერილი სამუშაო, რაც სავსებით რეალურია სწორედ ისე განხორციელდეს, როგორც გენგეგმის დოკუმენტშია ასახული.

მსგავსი თემები