„ეს არის გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ სამსახური კიდევ უფრო განვითარებულიყო“ – ამერიკის ელჩის კრიტიკა

ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩი საქართველოში შეშფოთებულია მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც კელი დეგნანმა ლონდა თოლორაიასთან შევედრის შემდეგ განაცხადა, პროცესი განხორციელდა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე.

„შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან დიალოგისთვის. სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეების უფლებების დაცვაში. მისი მოვალეობა ასევე არის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესწავლა, ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაო.

შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, გამჭირვალობის გარეშე. ეს არის გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ სამსახური კიდევ უფრო განვითარებულიყო. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა აგვიხსნა, მისმა ოფისმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო სამსახურის ფუნქციონირება”, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მისი შეფასებით, უცნაურია პროცესის დაჩქარებული წესით განხილვა.

უცნაური პროცესია ამ საკანონდებლო ინიციატივის დაჩქარება, როდესაც არ არის მისი დაჩქარების საჭიროება, კონსულტაციების არ არსებობა თავად სახელმწიფო ინსპექტორთან და მის თანამშრომლებთან. პარლამენტის მიმართ თხოვნა იქნება, დააპაუზოს პროცესი, შეანელოს პროცესი, არ არის მიმდინარე კვირაში მისი დაჩქარების საჭიროება“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები