არჩევნები ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს – საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო პირებსა და ექსპერტებს მიმართავს და მოუწოდებს, ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

მათივე ინფორმაციით, კურსის მიმდინარე დინამიკაზე საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო უარყოფითად მოქმედებს.

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები“ – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე შეფასებით, დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია.

„სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიმართ. ასევე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანია საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა არ დაუშვას მაღალი ინფლაცია“, – ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები