დაეკისრებათ თუ არა სანქცია მოქალაქეებს დენის საფასურის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში  

ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში აბონენტს სადეპოზიტო გადასახადის დაკისრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომპანია “თელასში” არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული რეგულაცია 2012 წლიდან მოქმედებს, თუმცა ის შეეხება კომერციულ ობიექტებს და არა ცალკეულ მოქალაქეებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის ელექტროენერგიით მომმარაგებელ კომპანია “თელასში” განუცხადეს, სადეპოზიტო გადასახადი კომერციულ ობიექტებს იმ შემთხვევაში დაეკისრებათ, თუ ის 12-თვიანი მოხმარების საფასურის გადახდას რამდენჯერმე დააგვიანებს.

მათივე ინფორმაციით, დავალიანების გადახდის ვადის რამდენჯერმე დარღვევის შემთხვევაში, მოხმარების წესების თანახმად, კომპანია აბონენტისგან მოითხოვს დეპოზიტზე დარიცხოს ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო საფასური. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი დეპოზიტის დარიცხვიდან 12 თვის ვადაში აღარ დაარღვევს გადახდის პირობებს, მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება და დავალიანების დასაფარად თანხას დეპოზიტიდან ​მოხსნის.

“აღნიშნული რეგულაცია შეეხებათ მხოლოდ კომერციულ ობიექტებს და არა მოქალაქეებს. საშუალო თანხა განისაზღვრება მოხმარების მიხედვით, ყველა სხვადასხვა რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. არის შემთხვევები, როდესაც ფართი აღებულია იჯარით, მოიჯარე ცლის ფართს და გადადის სხვა მისამართზე ის, რომ არ იხდის ელექტროენერგიის დავალიანებას. მოიჯარესაც მოეთხოვება დეპოზიტი, მაგრამ ეს არ ეხება სამოქალაქო სექტორს. მათთვის, განსაკუთრებით სოციალური დაუცველებისთვის ეს არ მოქმედებს, არამედ ეს რეგულაცია მიღებულია II და III საფეხურის მომხმარებლისთვის. მათ მისდით გაფრთხილების შეტყობინებები, რომ თუ კიდევ დააგვიანებენ გადახდას, შესაძლოა დაეკისროთ დეპოზიტი”, – აცხადებენ “თელასში”.

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, მოქალაქეები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ დენის გადასახადთან დაკავშირებით სმს შეტყობინებები წინასწარ არ მისდით, რის გამოც აგვიანებენ თანხის გადახდას.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კომპანია “თელასში” განუმარტეს, SMS შეტყობინებების სისტემა აქტიურად მუშაობს და ინფორმაციას ღებულობს ის პირი, ვინც არის კონკრეტულ მრიცხველზე დარეგისტრირებული. კერძოდ, “თელასიდან” აბონენტს მისდის შეტყობინება მას შემდეგ, რაც ჩვენება ამოიკითხება, თუ როდის არის დავალიანება დარიცხული; მომხმარებელი ერთი დღით ადრე ღებულობს შეტყობინებას გადახდის ბოლო ვადის შესახებ და გაფრთხილებას, გადაუხდელობის შემთხვევაში როდიდან შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. მიწოდების აღდგენის შემთხვევაში აბონენტს, ასევე, ეცნობება SMS შეტყობინებით.

“იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ვერ იღებს ჩვენს SMS შეტყობინებებს, რეგისტრაცია უნდა გაიარონ “თელასის” ცხელ ხაზზე. შეტყობინებებს ვგზავნით სარემონტო სამუშაოების ან დაზიანებების შემთხვევებშიც”, – განმარტავენ კომპანიაშია.

 

მსგავსი თემები