„სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში“ – ნიკა მელია პრეზიდენტთან შეხვედრაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენცია დატოვა. როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს ძალიან სწორად ესმის ყველაფერი და ბევრიც აქვს ნაფიქრი.

„ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა შექმნილი ვითარებისა.  იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისია, როდესაც ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მათ აღარ გაეჩერებათ. დიახაც, ეს არის განსხვავებული რამ, რაც მე მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში განსხვავებით იმ ადამიანებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. ამ დროს, როდესაც რადიკალურად განსხვავებული განცხადება კეთდება ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტი არსებული სიტუაციიდან გამოსავალსაც ძალიან სწორად ხედავს.

„გამოსავალიც მას სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი ჩემი შეფასებით, მას შეუძლია დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში. მას აქვს შესაბამისი ბერკეტები“ – განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები