„მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე“ – გიორგი მარგველაშვილის გზავნილი

ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმის გამოცხადებას ურჩევს. აღნიშნული გზავნილი მან გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

„გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ ჩვენი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეები არის სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები, ანუ ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში, ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ.  როცა ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, ამ საუბრის წინაპირობა უმთავრესი გეოპოლიტიკური გამოწვევები უნდა იყოს. „ამ ნაწილში ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მსგავსი თემები