პროკურატურა ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის მიერ ჩადენილი დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება, რის გამოც მას გირაო შეუფარდეს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ლაშა თორიდიას ცემისთვის ფარცხალაძის გარდა, გირაო მიხეილ ჩოხელსაც შეუფარდეს.

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად, ლაშა თორდიამ ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაო. მინდა მოგახსენოთ, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2018 წლის 20 დეკემბერს,“ – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი შარშან, 12 მაისს, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა, რაც  მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირდება. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

მსგავსი თემები