„ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი“ – მარგველაშვილი სააკაშვილ-ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსული გიორგი მარგველაშვილი სამი პრეზიდენტის შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კრიზისის დასაძლევად,  ეს ფორმატი აუცილებელია.

„ორივე ვთანხმდებით, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის საქართველო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება და შიდა დაპირისპირების თვალსაზრისით ტემპერატურის დაწევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ არის ინიცირებული, უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და გამოვხატეთ ორივემ მზაობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი შეფასებით, სამი პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატი დაპირისპირების დასრულების გზავნილი იქნება.

„სამი პრეზიდენტის ფორმატმა ქართველ ხალხს უნდა გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების, საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და ვიქნებით გაერთიანებულები, მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობას და შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებსაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

მსგავსი თემები