ხეობებში, სადაც ეროვნული პარკი უნდა იყოს, ჰესების მშენებლობა არ შეიძლება – “მწვანეთა მოძრაობა”

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები-საქართველო” სამეგრელოში ეროვნული პარკის შექმნის ინიციატივით გამოდის და ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგება.

როგორც ბუნების დამცველი ნინო ჩხობაძე აცხადებს, ​საქართველოში დღეს 11 ეროვნული პარკი არსებობს, აქედან 8 ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” დაპროექტდა. ეროვნული პარკები იძლევა საშუალებას ქვეყანა განვითარდეს ტურიზმის მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვანია ბუნების შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ნინო ჩხობაძის განმარტებით, კოლხეთის ეროვნული პარკი მსოფლიოს ეროვნული პარკების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გლობალური დათბობის პერიოდში იქ არსებული ჭაობები და ბიომრავალფეროვნება უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.

“გლობალური დათბობის პერიოდში, მარტო ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭაობები, გვაძლევს საშუალებას, რომ ზღვამ ინტენსიურად არ შემოგვიტიოს სანაპიროზე და უსაფრთხოების გარანტიაც კი არის დღეს საქართველოსთვის კოლხეთის ეროვნული პარკი. ამ თვალსაზრისით მიუღებლად მივიჩნევთ სამეგრელოს მთიანეთში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ყოფილი ​ენერგეტიკის, ამჟამად კი ეკონომიკის სამინისტროს საიტზე დევს პროექტი, რომელშიც ამ ტერიტორიებზე რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მოიაზრება. მართალია ეს სადგურები დიდი არ იქნება, მაგრამ ხეობისთვის მაინც საკმარისია რომ მისი ღირებულება დაიკარგოს, იქ მშენებლობა დაუშვებელია გეოლოგიური თვალსაზრისითაც”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი თუ არის ქვეყნის ბუნებისა და მისი ბიომრავალფეროვნების დაცვა, იმ ხეობებში, სადაც უნდა იყოს ეროვნული პარკი, დაუშვებელია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

“ჩვენ თუ გვინდა , რომ გადავარჩინოთ ბუნება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობისთვის, იქ ნამდვილად უნდა იყოს დაცული ტერიტორია და იქ უნდა იყოს სრულფასოვანი ეროვნული პარკი, რომელიც მოიცავს ზემო სამეგრელოს და სვანეთის ნაწილს. ეს იქნება იმ ისტორიის გამეორება, რომელიც თავის დროზე იყო მიღებული. სვანეთის ეროვნული პარკის შექმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო დაგეგმილი”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ “მთავარში“.

როგორც ექსპერტი ბიომრავალფეროვნების მიმართულებით მარინა ჟორდანია აცხადებს, ​​საქართველო ​ბიომრავალფეროვნების სიმდიდრით გამორჩეულ მსოფლიოს 35 ცხელ წერტილს შორის არის, სადაც ენდემური და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები და ცხოველები ბინადრობენ.

“უყურადღებოდ იყო დატოვებული სამეგრელოს მაღალმთიანეთი. ეგრისის ქედის სამხრეთ ფერდობი მდიდარია ტყის ეკოსისტემებით. საუბარია საკმაოდ დიდ, 50 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე. 3 წლის განმავლობაში მიდიოდა პროექტზე მუშაობა. მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გვქონდა შეხვედრა. ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება მნიშვნელოვანია ამ რეგიონის განვითარების თვალსაზრისით. საქართველოში არსებობს დაცული ტერიტორიების განვითარების სტრატეგია. დღეს საქართველოს მთელი ტერიტორიის 8,62 % მოიცავს დაცულ ტერიტორიას, მათი რაოდენობა მომავალში 20 %- მდე უნდა გაიზარდოს”, – აცხადებს მარინა ჟორდანია.

მისივე ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონის მიღების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ბიომრავალფეროვნების საკითხები. არსებობს მოთხოვნა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებში დეტალურად იყოს შესწავლილი ბიომრავალფეროვნების საკითხები.

მსგავსი თემები