“ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს” – ბიძინა ივანიშვილის “ძველ გვარდიას” მიმართავს

​მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, “ძველ გვარდიას” მიმართავს და ჰპირდება, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ არდგილს.

ივანიშვილის აზრით, ქვეყანას კიდევ ერთხელ სჭირდება იმ ადამიანების ერთგულება, გამოცდილება და სამოქალაქო გმირობა, რომლებსაც წვლილი მიუძღვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაში. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

“ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში”, – განაცხადა  ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში.

მისივე თქმით, ქვეყნის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ეპოქალური ცვლილებების ავტორი ხდება.

“ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არა ერთხელ გამოუჩენია. მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში:  საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება,  თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით  ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

იგი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გამოასწორებს მართვის ყველა ხარვეზს და ამისთვის მთელს თავის რესურსს გამოიყენებს, რათა ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.

 

მსგავსი თემები