,,მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%-ზე მეტი” – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის მინისტრის რანგში საქმიანობის ბოლო ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ისე ჩატარდა, რომ მას არც მთავრობის მეთაური და არც მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წარმომადგენელი დასწრებია.

ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და არა დამნაშავის ძიება.

„ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციებს, რომელიც შეეხება მკურნალობის, ტესტირების და მათ შორის ვაქცინაციის ნაწილს. ჩვენ მივყვებოდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან იყო დადებული, თუმცა, მე არაერთხელ აღვნიშნე და და ახლაც აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება გავაკეთოთ 60 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ვინაიდან ეროვნულ კალენდარშიც სწორედ ეს იყო გათვალისწინებული, რომ მნიშვნელოვანია ავცრათ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%-ზე მეტი, რაც იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძეს ჰკითხეს თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოსახლეობის 60% ვერ აიცრა, მან უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით გაგრძელდება ექსპერტებთან ერთად მსჯელობა, რადგან საკითხი მეტ ჩაღრმავებას მოითხოვს. ტიკარაძემ ასევე ისაუბრა  კოვიდგადატანილი პირებისთვის ე.წ. მწვანე პასპორტის მუდმივობის საკითხზე და განაცხადა, რომ ამაზე საბჭოსთან ერთად ახალი მინისტრი იმსჯელებს.

„ამ ეტაპისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ შედეგი დაიდოს და არ ვეძიოთ დამნაშავე. ახალი მინისტრი გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც მისცემენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. დაველოდოთ საბჭოს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ მე ჩართული ვიქნები, როგორც ექსპერტი, ექსპერტების ჯგუფთან ერთად ერთობლივად მივიღებ გადაწყვეტილებას და გავცემ რეკომენდაციას“,-განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

მსგავსი თემები