ყოფილი მერი 23:00 საათზე საკუთარ სახლში დააკავეს

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის გაფლანგვისთვის 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ღამის პირველ საათზე მიიღო, კაკულიას საკუთარ სახლში მიაკითხეს და დააკავეს.

დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. სასამართლო განხილვა თითქმის 2 წელი გაგრძელდა.

როგორც დაკავებული მერის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო, რაც სისტემას ანგრევს.

„შოკირებული ვარ, ღამი პირველის ნახევარზე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. 2 დღეს იყო სათათბიროდ გასული. ირაკლი სახლში იყო. ის პატიმრობაში იმიტომ არ იმყოფებოდა, რომ არც მიმალვის საფრთხე არსებობდა, არც მოწმეებზე ზეწოლის და რაც მთავარია, დანაშაული არ არსებობდა. რა ქრთამზეა საუბარი საერთოდ... სულ სხვა მოლოდინი გვქონდა, რადგანაც დანაშაული არ იყო ჩადენილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ 2 მოწმის ჩვენების საფუძველზე დააკავეს, რომლების ამბობდნენ, რომ მალთაყვის ტერიტორიაზე, პარკით 30 000 ლარი გადასცეს.  ეს, სასამართლო პრაქტიკაში გაუგონარი ფაქტია“ – განუცხადა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარს“.

ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

„მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო პირადი შურისძიების მოტივით, ვინაიდან სასამართლო განხილვის დროს ჩვენ მას გავუუქმეთ მისი უკანონო გადაწყვეტილება, როდესაც მან დააყადაღა უკანონოდ ირაკლი კაკულიას ძმის ვახტან კაკულიას წილი და ქონება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ეს ყადაღის უკანონო გადაწყვეტილება ჩვენ გავაუქმეთ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში“ – განუცხადა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარს“.

 

მსგავსი თემები