მეშახტეების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, აქცია შეწყდა

„ძიძიგურის შახტის“ მეშახტეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს და შახტიდან ამოვიდნენ. მიზეზი ის შეთანხმებაა, რომელიც მეშახტეებსა და ადმინისტრაციას შორის მოხდა. ამ ეტაპისთვის, მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მოცდენის პერიოდში ხელფასები სრულად აუნაზღაურდებათ და დეკემბრიდან შახტში საწარმო პროცესი სრულად აღდგება.

ამ ყველაფერს კი წინ საპროტესტო აქცია უძღვოდა. კერძოდ, „ძიძიგურის სახელობის შახტში“ ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეების ნაწილი შახტიდან აღარ ამოვიდა. ისინი შახტებში საწარმოო პროცესის აღდგენასა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას ითხოვდნენ.

მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას კომპანია „საქნახშირი ჯი-აი​​-ჯი“-ს გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელიც ადასტურებს.

მეშახტეებმა რამდენიმე საკითხი დააყენეს: ერთი – მათთვის ანაზღაურების გაგრძელება იქამდე, სანამ კომისიის დასკვნა დაიდება; მეორე – კომისიის დასკვნის შემდეგ სამუშაოების განახლება. მეშახტეებმა ორივე მათგანზე დადებითი პასუხი მიიღეს. ანაზღაურება გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე. სექტემბრის ხელფასი მათ უკვე მიცემული აქვთ და ოქტომბრის ხელფასი დარიგდება 15 ნოემბრამდე. ხელფასების გაცემა გაგრძელდება იქამდე, სანამ კომისია დასკვნას არ დადებს. ამის შემდეგ კი ის უბნები ამუშავდება, სადაც იქნება ნაკლები რისკი და უსაფრთხოების ნორმები იქნება მკაცრად დაცული. აქედან გამომდინარე, გუშინ მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს და შახტიდანაც ამოვიდნენ. დღეს თუ ვინმე გამოვა და მეშახტეების სახელით რამეს იტყვის, ეს იქნება პირადი მიზნებისთვის. არ მინდა, მეშახტეების პრობლემები ვინმემ სათავისოდ გამოიყენოს ან პოლიტიკურ პროცესში გადაიყვანოს“ – აღნიშნა ჯამბულ ჯაყელმა.

 

მსგავსი თემები