თბილისის ცენტრალური პარკი თემქაზე, 10 ჰა ფართობზე გაშენდება

თბილისის ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკი გაშენდება. მასშტაბური რეკრეაციული ზონა თემქის ხევში 10 ჰა მეტ ფართობზე მოეწყობა. ჩატარდება გეოდეზიურ კვლევა, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა საქალაქო პარკის ტერიტორიაზე მდინარის გახსნა.ამ დროისთვის, თემქის ხევი ორი მეტრი სიმაღლის ლელქაშითაა დაფარული, შესაბამისად ტოპოგეოდეზიური დაგეგმვის ჩატარება შეუძლებელია. ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ტერიტორიის გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავს.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.

როგორც მაია ბითაძე აცხადებს, თემქის მოსახლეობას და ზოგადად, თბილისს, ახალი საქალაქო პარკი რამდენიმე წელიწადში ექნება, რომელიც გენერალური გეგმით არის განსაზღვრული.

“უკვე დავიწყეთ ჰიდროლოგიურ-კვლევითი სამუშაო, რომელიც მდინარის გახსნის პოტენციალს სწავლობს. გაწმენდითი სამუშაოები. შვიდ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განხორციელდება, ტერიტორიას გასუფთავდევა იმ მცენარეებისგან, რომელიც საპროექტო და კვლევით სამუშაოებს ხელს უშლის. ვფიქრობთ, ფართომასშტაბიან სამუშაოებს 12-13 თვეში დავიწყებთ, როდესაც ახალი საქალაქო პარკის სრული დიზაინი გვექნება. პარკს აქვს პოტენციალი, რომ ხევძმარის ხევი გაიხსნას და უნიკალური რეკრეაციული სივრცე შეიქმნას, სადაც დასვენება ყველას ერთად შეგვეძლება. ეს იქნება ახალი განძი თბილისისთვის, ისეთივე, როგორიცაა ვაკის, ვერის, მთაწმინდის პარკი და ასე შემდეგ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

მსგავსი თემები