კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ

საქართველოს მთავრობა “კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტის პაკეტს პარლამენტიდან გაიწვევს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მიაჩნია, რომ პროექტი იურიდიული თვალსაზრისით გამართული იყო და გასაწვევი არაფერი სჭირდა.

” რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა”, – აცხადებს გიორგი გახარია.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერების ერთ-ერთი მოთხოვნა “ქართული ოცნების” მიმართ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, სწორედ საქართველოში მარიხუანის კულტივაციაზე უარის თქმას შეეხებოდა.

მსგავსი თემები