“ჩვენ ტომი არ ვართ, ბელადი რომ გვჭირდებოდეს” – ზაზა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ თავისი პიროვნული დამოკიდებულების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერში მისი დადანაშაულება არასწორია.

როგორც ზაზა პაპუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბიძინა ივანიშვილის სახელს უფრო ხშირად ახსენებენ ვიდრე “დედა მიყვარხარს”.

​მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ღვაწლმოსილი ადამიანია და ხვალ შერცხვებათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს მას ტალახს ესვრიან.

“ჩვენ ტომი ხომ არ ვართ, ბელადი რომ გვჭირდებოდეს? ბიძინა ივანიშვილი ძალიან მიყვარს და უზარმაზარ პატივს ვცემ. ყოველ დღე ივანიშვილის ძახილს დაანებეთ თავი, სირცხვილია ეს, უმადურობაა. ის თავისი ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილი კაცია. ის არ გეუბნებათ მესია ვარო, შეუცდომელი ადამიანი ვარო. მასთან ენის მოჩლექით კი არა კრიტიკულადაც გვისაუბრია, ის იღებს ამას. წარმოუდგენელია ყველაფერი ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული. იქნებ მე ვერ ვაკეთებ რაღაცას კარგად, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?”, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის უამრავ ადამიანს ენდო, მაგრამ ვინც ვერ გაამართლა მისი იმედები და ნდობა, დაშვებული შეცდომებისთვის კანონის წინაშე აგონ პასუხი. ეს არის პასუხისმგებლობის შეგრძნება.

“მესაზღვრეც ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს და დახლთანაც ბიძინა ივანიშვილი იდგეს? ბოლოს შეგვრცხვება ამის. “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს “დედა მიყვარხარ” არ ექნებათ იმდენჯერ ნათქვამი, რამდენჯერაც ბიძინა ივანიშვილის სახელი აქვთ ნახსენები. ვეკითხები ქვეყანას, რა წაგართვათ, რა მოგპარათ, თუ აქეთ არ მოიტანა? შეცდომები? რა თქმა უნდა, რომელი შეუცდომელი ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ კონტექსტი უნდა იყოს სწორად შერჩეული. დავგეგმეთ პროექტი, ვერ გაართვეს თავი და ბიძინა ივანიშვილის ბრალი ყოფილა. როცა თანამდებობებზე ადამიანები სხედან და ვერ გაართმევენ თავს, კეთილი ინებონ და პასუხი აგონ. მე არ ვარ მონური ფსიქოლოგიის კაცი, მაგრამ ეს რაც ისმის არ შეიძლება. თუ რაღაცას მე ვერ გავაკეთე, მე მაქვს ბოდიში მოსახდელი”, – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები