ახალ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა უნდა დახვდეს – გიორგი მარგველაშვილი 

საქართვლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მთავრობას სასწრაფოდ და ინტენსიურ რეჟიმში უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის შექმნისა და დაპირების შესრულებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჭირო და აუცილებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.

მისი თქმით, ასეთი სტრუქტურა უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს და ახალ კონსტიტუციას, რადგან ახალი კონსტიტუციით, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სტრუქტურა უშიშროების საბჭო, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიღებული ყოფილიყო პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.

“არ შეიძლება ქვეყნის არცერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენ არაა ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ერთი, ორი დღე, ან 6 თვე, წყნარად ფეხი ფეხზე გადაიდოს და დაელოდოს, რომ ოდესღაც რაღაცა შეიქმნება. მიუხედავად წარმატებებისა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით თავდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციის გაღრმავებისა, საჭირო და აუცილებელია სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ხაზს ვუსვამ, არა ანალიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ანალიტიკაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებებს, რომელიც შემდეგ გახდება საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი დირექტივა, როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გენერალური შტაბისა და სხვა უწყებებისთვის, რათა ჩვენი სამხედროები, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ სამშობლოს ყველაზე საშიში მტრის წინააღმდეგ, იყვნენ სრულიად გამართულები თავიან ქმედებებში და იმ ბრძანებების აღსრულებაში, რომელიც მათ მიეცემა პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციის გახსნისას, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საერთაშორისო წესრიგის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ღია დისკუსიების ფორმატში მსჯელობენ.

 

მსგავსი თემები