სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესაძლოა, გაუქმდეს

როგორც  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ასევე ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ უწყების ნაცვლად შეიქმნება ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

აღიშნული ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმ, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ შესაძლო არაადმიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს. ამასთან, უწყებამ მოკვლევა ჩაატარა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მოკვლევის შემდეგ, კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურს ადმინისტრაციული პასუხუმგებლობა დაეკისრა. ასევე სახელმწიფო ინსპექტორმა უწყებებს კადრების წაშლა დაავალა.

“2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნება, რომელმაც ერთი მხრივ, შეითავსა მანამდე არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები, მეორე მხრივ კი, მას დაემატა კონკრეტული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება.

მართალია, 2018 წელს რეფორმა განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული სფეროს ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გადაუჭრელი დარჩა. კერძოდ, ამჟამად არსებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ითავსებს და ახორციელებს სამ ძირითად ფუნქციას, ამ ფუნქციების ერთი და იმავე სამსახურის მიერ შესრულება გულისხმობს, რომ ეს სამსახური უფლებამოსილია, ერთი მხრივ, გამოიძიოს გარკვეული დანაშაულები, ხოლო, მეორე მხრივ, გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინ, როცა დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა თავად გამომძიებლის მიერ დამუშავებასთან. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ამ სამსახურის მიერ გამოძიებისა და გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების ფუნქციების აღრევას და იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. აქედან გამომდინარე, საჭიროა, გაიმიჯნოს აღნიშნული ფუნქციები და ისინი ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილებათა ფარგლებში მოექცეს, რაც უკეთ უზრუნველყოფს ამ ფუნქციათა ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი თემები