,,არ ვაპირებთ დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს!” – კლუბი “მტკვარზე”

დღეს კლუბში “მტკვარზე”  ღონისძიება იყო დაგეგმილი, მაგრამ ის გადაიდო. როგორც კლუბის ადმინისტრაციაში ამბობენ, გუშინ, 24 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ დაწესებულება დაუსწრებლად დალუქა.

“გუშინ დაუსწრებლად დაგვლუქეს, ისე რომ ადგილზე არავინ იყო, ამიტომ გვიწევს დღევანდელი ივენთის უკვე მეორედ გადადება. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ორმაგ სტანდარტებს და დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს. პირიქით, დღეიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას. ის რაც ჩვენი სექტორის მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა, არის ადამიანების დაცინვა, მოტყუება და ტერორი. არავის მივცემთ ჩვენი აბუჩად აგდების უფლებას და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს და ღირსებას”, – წერია კლუბის განცხადებაში.

ხოლო რაც შეეხება კლუბ ,,ბასიანს” იქ  ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეებმა აქცია მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შრომის ინსპექციამ კლუბი “ბასიანი” 10 000 ლარით დააჯარიმა. კლუბ ბასიანის წარმომადგენლებმა ჯარიმა არ ჩაიბარეს და ამბობენ, რომ არც მოთხოვნებისადმი დამორჩილებას აპირებენ. სამართალდამცველებმა ობიექტს გონივრული ვადა მისცეს, რომ ტერიტორიიდან ტექნიკა და აპარატურა გამოიტანონ, რათა შემდეგ კლუბი დალუქონ.

 

მსგავსი თემები