ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდება – ეკა ბესელია არჩევნების შედეგებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა 28 ოქტომბრის არჩევნებით მოსახლეობისგან გზავნილი მიიღო და ცვლილებების საჭიროებასაც აცნობიერებს.

ეკა ბესელიას შეფასებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების”​ წევრების შეხვედრაზე განიხილეს არჩევნებით მიღებული შედეგები და გადაწყდა, რომ ცვლილებები ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყნის მომავალს.

მისივე თქმით, ცვლილებების პირველი ეტაპი იქნება მოკლევადიანი და გულისხმობს საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვას.

მეორე საკითხი ეხება არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ძალიან მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს, საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, აღმასრულებელ და ადგილობრივ დონეს.

“ახლა კონსოლიდირების დროა, ჩვენი შესაძლებლობების მობილიზების. ყველა ვერთვებით მიზნით, რათა მოვახერხოთ ჩვენი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ქვეყნის მომავალს.  ყველამ გავაცნობიეროთ, რომ რეალური საფრთხეა ქვეყანაში თუ ამ არჩევნებში მოვიდა რევანშისტული ძალა, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო. ამიტომ არჩევანი არის გვინდა მშვიდობა თუ უკან წარსულში ვბრუნდებით.”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი თემები