ლილოს ბაზრობამდე მეტროს გასაყვანად საპროექტზე დოკუმენტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისში, მიწისზედა მეტროს განვითარებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, რომელიც მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს ბაზრობამდე სრულიად ახალი, დამოუკიდებელი, მიწისზედა ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, ​​ტენდერი ნოემბრის ბოლოსთვის გამოცხადდება.

საპროექტო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდება.

​პროექტის განხორციელების შედეგად, ახალი, მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს მიმართულებით ამოქმედდება და ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი ისარგებლებს. მეტროსადგურ “სამგორთან“, მიწისზედა არეალში მოეწყობა ახალი მეტროსადგური, რომელიც მოქმედ სადგურს ერთგვარი გადასაჯდომი სადგურით დაუკავშირდება. ახალ ხაზზე მოეწყობა კიდევ შვიდი მეტროსადგური. დღის განმავლობაში, ამ ხაზზე ელექტროტრანსპორტის ექვსი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს.

“დროთა განმავლობაში შემადგენლობებს დავამატებთ. პირველ ეტაპზე, მოცდის დრო დაახლოებით, 10 წუთი იქნება. წლების შემდეგ, მატარებლებს რომ დავამატებთ, მოცდის დროს შევამცირებთ. შედეგად შემცირდება  ამავე მიმართულებით მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი, საცობი და ჰაერის დაბინძურების დონე, რაც ქალაქში სერიოზული პრობლემაა“, – განცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, მშენებლობას დაახლოებით, ორი-სამი წელი დასჭირდება. დასრულებული სადგურები კი, ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა.

მსგავსი თემები