„არსად არ მივდივარ“ – გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა, წასვლას არსად აპირებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი.  შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად“ – განაცხადა კახა კუჭავამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება.

„ყოველთვის ვამბობდი და იგივეს გავიმეორებ, პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება…

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი ძალიან საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი ძალიან წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგაა, ჩემი მეგობარია. მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებით მთლიანად იზეიმებს გუნდი და საქართველოც“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მსგავსი თემები