“ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამკაცრება მოვითხოვოთ” – ცირა ელისაშვილი გორის ტრაგედიაზე

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი სამოქალაქო საზოგადოებას და დედებს მიმართავს, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის სასჯელის ზომის გაზრდა მოითხოვონ.

​ცირა ელისაშვილის აზრით, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ძალიან მცირე სასჯელია დამნაშავისთვის, რომელსაც შესაძლოა ამნისტია შეეხოს და გაცილებით ადრე გამოვიდეს ციხიდან. ასეთი ადამიანებისთვის უვადო პატიმრობა უნდა არსებობდეს.

“გორში მომხდარი ტრაგედიისგან დისტანცირებას ვერ ვახერხებ. დღეს ითქვა, რომ იმ ნაძირალას ბრალი დაუმძიმდა და მკვლელობის მოტივი სექსუალური ძალადობაა, რაც 5-დან 7 წლამდე ისჯება!!
ხომ არ გაგიჟდით, ხალხნო!
არასრულწლოვანზე ძალადობა 5-დან 7 წლამდე?! რომელსაც მერე მორიგი ამინისტია შეეხება და ვადაზე ადრე გამოვა, გარეთ?!!
იმის ფონზე, ამ 8 წლის ბავშვმა რაც განიცადა, სიცოცხლის ბოლო წუთებში რასაც გრძნობდა ალბათ. დედას რომ ეძახდა და საშველი არ იყო, ამის ადეკვატური სასჯელი რა არის!
ჩემო მეგობარო იურისტებო, გამაგებინეთ, ამ ტრაგედიის შესაფერისი კოდექსი გვაქვს?! დანაშაულის ადეკვატურ სასჯელს გულისხმობს კანონი?
არ დადგა დრო სამოქალაქო საზოგადოებამ, დედებმა, ზოგადად ადამიანებმა მოვითხოვოთ ბავშვებთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის გამკაცრება?
გავაკეთოთ პეტიცია!
უვადო პატიმრობა, შეწყალების უფლების გარეშე!

P.S. სანამ იმას დაწერთ, რომ მკაცრი სასჯელი არ არის დანაშაულის პრევენცია, რამდენიმე წამით წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა ცეკვაზე წასული 8 წლის ბავშვი, რომელიც, ალბათ, დედას ეძახდა”, – წერს ცირა ელისაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლები, 34 წლის მამაკაცი, იაგო ნებიერიძე დააკავეს. მას ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა.

მსგავსი თემები