სპეცოპერაციის შედეგად, გასაყიდად გამზადებული დავით აღმაშენებლის შეუფასებელი მონეტები აღმოაჩინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილი უნიკალურ და შეუფასებელ მონეტებს სპეცოპერაციის შედეგად  კერძო პირის სახლში მიაკვლია, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. საუბარია, მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტებზე, რომლებიც ე.წ. შავი არქეოლოგიით დაკავებულმა პირებმა მოიპოვეს და გადამალეს.

მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები. ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი.

“მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება – შეუფასებელია. დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია.

ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის – 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით. აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით- „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი. აღნიშნული არტეფაქტები, ასევე, გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს”, – აცხადებენ უწყებაში.

მონეტა ნავთლუღის დასახლებაში ამოიღეს. ვალერი ლამაზიანი, რომელმაც მონეტები აღმოაჩინა და სახლში ინახავდა, მონეტებს გასაყიდად ამზადებდა. ის ბინაში დააკავეს.

 

მსგავსი თემები