ეს ყველაფერი დაიწყო 2012 წელს, როცა პარლამენტში შევედით – სოსო ჯაჭვლიანი საპრეზიდენტო არჩევნებზე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წვერი, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით მიღებული შედეგი, რომლის დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს გამარჯვების შანსი მიეცა, არის 2012 წელს დაწყებული კოჰაბიტაციის ლოგიკური გაგრძელება.

როგორც სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი პარტიის წევრების ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრებზე ის ყოველთვის გამოხატავდა თავის მწვავე პოზიციას კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით და მოითხოვდა, “ქართულ ოცნებას” გამოეყენებინა იმ თანამებრძოლების რესურსი, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმით.

​​როცა უმრავლესობის შეხვედრები გვქონდა, ერთი შეხვედრა არ ყოფილა, სადაც მე მკაცრად არ დამეყენებინოს მწვავე საკითხები. ივანიშვილთან შეხვედრაზე სერიოზული საუბრები გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თანამებრძოლები, ვინც ჩვენთან ერთად იყვნენ, პროფესიონალები, ვინც არ იყო სისხლიანი რეჟიმის დანაშაულებებში გარეული, გვერდში დაგვეყენებინა”, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაციის შედეგი იყო ის, რომ გიორგი ბარამიძე, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულებში ედება ბრალი 4 წლის განმავლობაში ვერ დაიკითხა.

“ეს ყველაფერი იწყებოდა 2012 წელს, როცა ჩვენ პარლამენტში შევედით. ​სპიკერებს როცა ვირჩევდით, ჩვენგან წარდგენილი იყო მურმან დუმბაძის, გუბაზ სანიკიძისა და მანანა კობახიძის კანდიდატურები. ოპოზიციად ჰქონდა ერთი კვოტა და წარადგინეს გიორგი ბარამიძე. ჩვენ გვქონდა მაშინ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ბარამიძე არ უნდა აგვერჩია, რადგან ის ეჭვმიტანილი იყო სოფლის აოხრებაში და ადამიანების მკვლელობაში, გახსოვთ აფრასიძეების საქმე. ამის მიუხედავად ბარამიძემ მიიღო 130- თუ 140 ხმა, ჩვენმა სპიკერებმა კი 78 და 41 ხმა. ეს იყო პირველი ჩანასახი იმისა, რომ იყო კოჰაბიტაცია დაწყებული. ჩვენ აღვჭურვეთ ბარამიძე იმუნიტეტით და 4 წლის განმავლობაში ბარამიძე არ დაკითხულა”, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

მსგავსი თემები