ჯანდაცვის კომიტეტი მარიხუანას კულტივაციის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან კობერიძემ პარლამენტიდან მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს გაწვევა მოითხოვა. აღნიშნული ინიციატივა დეპუტატმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დააყენა და კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაეტანა.

როგორც ლევან კობერიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, არჩევნებზე მიღებული შედეგის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მარიხუანას კულტივაციის თემა გახდა. შესაბამისად, გადაწყვეტილება სწრაფად არის მისაღები.

„ეს არ არის ის შედეგი, რომელზეც თითოეული ჩვენთაგანი ოცნებობდა. რადგანაც ამ კანონპროექტის წამყვანი კომიტეტი ჯანდაცვის კომიტეტია, მოვითხოვ, კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივა ბიუროზე გაიტანოს და კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის საკითხო დააყენოს. მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ“ – აღნიშნა კობერიძემ.

მის ინიციატივას ჯანდაცვის კომიტეტის წევრებიც დაეთანხმნენ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ის ამ განწყობას უერთდება და კანონპროექტის გაწვევა არათუ სასურველი, არამედ, სავალდებულოა. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს მირიან წიკლაურმა, კობა ნარჩემაშვილმა და კომიტეტის სხვა წევრებმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ აღნიშნა, საკითხი მოსამზადებელი და სამსჯელოა. მისი შეფასებით, რადგანაც კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა, გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. კომიტეტის სხდომას, სადაც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობდნენ, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილიც ესწრებოდა.

მსგავსი თემები