არსებობს საჭიროებები, მაგრამ  არ არის კომპეტენტური კადრები – გრიგოლ კაცია პროფესიულ განათლებაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ
განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.  სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებობს საჭიროებები, მაგრამ  არ არის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები.

მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს პროფესიული განათლების სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობას ეფუძნება.

მთავრობის მიერ განათლების სფეროში განსაზღვრულ პრიორიტეტებზე გრიგოლ კაციამ დღეს  კონფერენციაზე – „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ ისაუბრა.  ღონისძიებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მონაწილეობდნენ.

„აუცილებელია, რომ განათლების სისტემამ შრომის ბაზრის მოთხოვნებს უპასუხოს. სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით დღეს გვაქვს საჭიროებები, მაგრამ სამწუხაროდ არ გყავს შესაბამისი კომპეტენციის კადრები. ამიტომ, მთავრობა მუშაობს პროფესიული განათლების სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობას ეფუძნება. პროფესიული განათლების რეფორმირების შემდეგი ნაბიჯი რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი დასაქმების მოქნილ მოდელზე გადასვლა იქნება, რაც მოკლევადიანი გადამზადების სისტემის შექმნას გულისხმობს. ეს ხელს შუწყობს რეგიონებში ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“- განაცხადა გრიგოლ კაციამ.

აღსანიშნავია, რომ დუალური პროფესიული განათლება სწავლების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც განათლების მიწოდების პროცესში დამსაქმებლის ჩართულობას გულისხმობს. ეს მექანიზმი პროფესიული განათლების შრომის ბაზართან დასაახლოვებლად გამოიყენება. დამსაქმებელი ასევე ჩართულია სტუდენტის შეფასების პროცესში, რაც კურსდამთავრებულის დასაქმების შესაძლებლობას ზრდის. საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით, ორი წლის წინ დაიწყო და მისი მასშტაბები ეტაპობრივად იზრდება.

მსგავსი თემები