„ზვიადაურის აზრის იგნორირება საერთაშორისო სირცხვილის ფასად დაგვიჯდა“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მსოფლიო ოლიმპიური ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზურაბ ზვიადაური ძიუდოში შექმნილი პრობლემების შესახებ დიდი ხანია საუბრობდა, რაც დღეს დადასტურდა.

დეპუტატის თქმით, ქართველი ძიუდოისტების ევროპის ჩემპიონატიდან მედლის გარეშე ჩამოსვლა უპირველესად, ხელმძღვანელობის პრობლემაა და შემდეგ, მწვრთნელების.

„ზურაბ ზვიადაური წლების განმავლობაში საუბრობდა ქართულ ძიუდოში არსებულ პრობლემებზე. მისი აზრის იგნორირება დღეს, საერთაშორისო სირცხვილის ფასად დაგვიჯდა. გარდა სირცხვილისა, ეს ტკივილია თავად სპორტსმენებისთვისაც. მათ არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა და არ იმსახურებდნენ საქართველოში თავდახრილ ჩამოსვლას”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე და იმედოვნებს, რომ, ასეთი მწარე შეცდომები ჭკუის სასწავლებელი იქნება და მომავალში უფრო მეტად დააფასებენ პროფესიონალების აზრს.

ხუნდაძის შეფასებით, ზურაბ ზვიადაური თანამდებობისთვის მებრძოლი კაცი არ არის. ის მხოლოდ საქმეზე არის ორიენტირებული. ამდენად, მისი შეფასებები რომ გაეთვალისწინებინათ, დღეს ასეთი გულნატკენი არ იქნებოდა ხალხი.

“ფაქტია, ქართულ ძიუდოში პრობლემები ნამდვილად არსებობს. ხელმძღვანელის ხარისხს ყველაზე მეტად შედეგი აფასებს. შედგი კი სახეზე გვაქვს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მსგავსი თემები